პოლიციამ აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

 ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  1978 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“, – აცხადებენ შსს-ში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.