არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება
“ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში, ეხება სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება. ადამიანი ყოველთვის იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის დავუდგებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გვერდით, ისე როგორც ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია. სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე. არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა”, – განაცხადა გახარიამ.