საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეკავების ეტაპის შემდეგ, საქართველო ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე გადავიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ საკუთარი ფუნქცია ზუსტად უნდა იცოდეს, როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქებმა და ბიზნესმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვირუსთან თანაცხოვრების ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას წესები, რადგან არ დაიხუროს სკოლები, არ გაჩერდეს ეკონომიკა და პოლიტიკური პროცესი.
„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი ფუნქცია: სახელმწიფომ, მოქალაქემ, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში ბიზნესმა. მთავარია, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული წესებით. ეს წესები საკმაოდ მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება, რათა ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ სკოლები, არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი და ა.შ. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას – აღვადგენთ ეკონომიკას, აღვადგენთ სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.