ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ.
კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. 60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრებს აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ.