კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიების სტატუსს მივანიჭებთ, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
„საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არის ის საგადასახადო შეღავათები, რომელზეც მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან, მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, მექანიზმი, რომელიც დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს მცირდება 5 პროცენტამდე. ეს დღეს არის მნიშვნელოვანი, რადგან პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდში გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა, რომ საქართველოდან იმუშაონ. ძირითადად, დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილება და ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე, აიტი კომპანიები, ეს ორივე მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც აიტი მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, – განაცხადა გახარიამ.







