სასამართლომ ენმ-ის წევრებს, ლაშა ქველაძესა და არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გადახდის ვადად 60 დღე დაადგინა.
ისინი საპატიმროებიდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
ლაშა ქველაძე და არიფ იუსუფოვი შსს-მ ბოლო 2 დღის განმავლობაში დააკავა. მათ ბრალად ქართული ოცნების აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობა ედებათ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ფიზიკურ ძალადობაში მმართველი გუნდის წევრებს და მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
ენმ-ის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, აზერ სულეიმანოვი ამბობს, რომ იუსუფოვის და ქველაძის დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული და რომ ქართული ოცნება ცდილობს ზეწოლას პოლიტიკურ ოპონენტებზე.
29 სექტემბრის ინციდენტზე, როცა ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთ-ერთია ლაშა ქველაძე. ასევე, დაკავებულია ქართული ოცნების 2 წევრი.