საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის ზრდას და ეკონომიკის გააქტიურებას, რადგანაც სავალდებულო კარანტინი დიდი დისკომფორტი იყო ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.









