საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამიტომ, ფედერაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლიდან უგულშემატკივრონ გუნდს.

„5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.