უდუმაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათიდან აპირებს შეკრებას

 ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს 20:00 საათიდან აპირებს შეკრებას.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, აქციის მიზანია, რომ მხარდამჭერებთან ერთად, წინასწარ შედეგებს მიადევნონ თვალი. 

“ჩვენი სახელით მერიაში მართლაც არის შესული განაცხადი 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა 12 საათიდან, არამედ 20:00 საათის შემდეგ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები უკვე დაიხურება და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ, ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შედის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

რაც შეეხება 12 საათს, რომელიც მითითებულია ამ განცხადებაში, მიდის ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს ცხრა საათისთვის, რომელსაც სჭირდება დაახლოებით 6-7 საათი, სწორედ ამიტომ არის მითითებული 12 საათი ამ განაცხადში. ამიტომ, მოეშვით მუდმივად ამ ტყუილების ტირაჟირებას. გასაგებია, რომ ნერვიულობთ და სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, რადგან 31-ში თქვენ საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.