ბოლნისსა და მარნეულში დაპირისპირების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს

ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

​”შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.