ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის

არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა.

„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი“,- აცხადებს თამარ ჟვანია.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი.