ცესკო: თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაცია 27 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეძლებენ.

ცესკოს ცნობით, იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე და ხვალ, 27 ოქტომბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეძლებათ.

“სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით. 

შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება”, – აცხადებენ ცესკოში.