1 ნოემბრიდან მთავრობა კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ, განცხადების საფუძველზე უარი თქვან.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ჩვენ უკვე დავაანონსეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ მხარდაჭერას. პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, – აცხადებს გიორგი გახარია.