რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზზე ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება, რადგან ის ვირუსისგან უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იყო.
“კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, გადამოწმდა PСR ტესტით და დაუდგინდა კორონავირუსი.
პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს პაციენტი გაეწერა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო გამოჯანმრთელებული კოვიდისგან და მისი დაკრძალვა არ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილთა პროტოკოლით.
გაწერის დროს, ექიმის შემოწმებისას, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობდა. მისი მხრიდან რამდენჯერმე მოხდა ექიმისთვის მიმართვა, რომ თავს კარგად გრძნობდა და დროზე ადრე დაეტოვებინა სივრცე.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა. სასწრაფოს მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, მანძილის დაფარვისთვის გონივრულ დროში სასწრაფო იყო ადგილზე,”- აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.