საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზს აქვეყნებს. დოკუმენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტია განხილული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს 3.2 მილიარდ ლარამდე ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს.
ამასთან, 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 30.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 59% იქნება და კანონით დაშვებულ ზღვარს მიუახლოვდება.
“საქართველოს სახელმწიფო ვალის 80%-მდე საგარეო ვალზე მოდის. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან (რაც ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელია) გაიზრდება.
შესაბამისად, ვალის ტვირთისთვის ლარის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ლარის გაუფასურებასთან ერთად, ვალის ზრდას ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იწვევს”, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ განხილული დოკუმენტი ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.