რუსთავში კორონავირუსი ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელს დაუდასტურდა და მისი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, მოსწავლე სკოლაში საგაკვეთილო პროცესს ორი დღის განმავლობაში ესწრებოდა. ეპიდემიოლოგები დღის ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადავა თუ არა კლასი სწავლების დისტანციურ მოდელზე.
“ხუთშაბათს და პარასკევს იმყოფებოდა აღნიშნული მოსწავლე სკოლაში, კლასი დათხოვნილია. სავარაუდოდ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, ორი კვირის განმავლობაში გადავლენ, თუ არა დისტანციურ სწავლებაზე. სპეციალისტების მიერ მოხდება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება, მინიმალურია რისკი მათი დაინფიცირების , რადგან საერთო სივრცეში იყვნენ, დადასტურებულ შემთხვევასთან ერთად. მივიჩნიეთ, რომ ეს ბავშვები გადავიყვანოთ დისტანციურ სწავლებაზე.”- განაცხადა დავით ბეგაშვილმა
მისივე ინფორმაციით, ჯამში 27 ბავშვი გადავიდა თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები სკოლის დახურვას არ განიხილავენ.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოს შემდეგ 75-მდე შემთხვევაა დადასტურებული.