„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში საპროტესტო აქცია გამართა

დღეს, პირველ ოქტომბერს, მარნეულის მერიის წინ „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის, გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.

 „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა, 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმ ხალხს ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ ახლა მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი და ეს ყველაფერი მისი თანდასწრებით ხდებოდა. მას შეეძლო რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინა, მაგრამ არ შეაჩერა და ისიც არის მოძალადე და მოძალადე საკრებულოს წევრი მარნეულის მუნიციპალიტეტში არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, რომ მარნეულის საკრებულოში და მერიაში ისეთი პირები მუშაობდნენ რომლებიც არ იცავენ ადამიანებს და პირიქით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მოსახლეობას“. – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციები მარნეულის მერიის წინ კვლავ გაგრძელდება.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მუხლებით დაიწყო.