პრემიერი – თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია

მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით უნდა გაგრძელდეს სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

„გლობალურმა პანდემიამ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან როდესაც ვზრუნავთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების გაჩენაზე.

ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია. ამიტომ გავაგრძელებთ გზების დაგებას, უნივერსიტეტების მშენებლობას, საფეხბურთო სტადიონების გახსნას და მშენებლობას, ყველაფერს ამას ერთად გავაკეთებთ.

უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შემდგომი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად გაიღებს მინიმუმ 20 მლრდ ლარს.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე. თანაბარი პირობები უნდა გვქონდეს ყველა მოქალაქისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.