საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება,- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფ-სასწავლებები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 4-დან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება.
როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ეხება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და ეპიდსიტუაციის გამწვავების პრევენციას შეუწყობს ხელს.
„იცვლება სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“,-აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.