აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, 55 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ექიმს კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა.

„ის ინფიცირებულებთან არ მუშაობდა, იყო თერაპიული განყოფილების გამგე. ჰქონდა გულის თანმხლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.