ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ექიმი, რომელიც კლინიკიდან დღეს უნდა გაეწერათ.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, ექიმის მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული იყო, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
“კლინიკას დააკლდა კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. 8 დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სავსებით სტაბილური იყო, თვითონაც აკონტროლებდა მდგომარეობას, მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, თითქმის დამთავრებული, იმიტომ, რომ გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო სასიხარულო.
თვითონაც აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, არავინ არ ველოდებოდით, პალატაში მყოფმა მოასწრო დარეკვა კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანი რეანიმაციული გუნდი, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა, მიუხედავად ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გარადარჩენა”, – განაცხადა მან.