ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლებელი იქნება, კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს და 4000-იან ნიშნულზე შეჩერდეს.
“ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი თუ შემდეგი მატება კიდევ წინ გვაქვს თუ არა. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რაც უნდა დავიცვათ. მათ შორის პირბადის გამოყენება. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია, რომ ჩვენ თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლებას მივიღებთ. ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ წესებს, მათ შორის, პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი. მთელი ევროპა პირველ ადგილზე აყენებს პირბადის გამოყენება”. – თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვები.