თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაო უტარდება. სამუშაოები ფონდი “ქართუს” დაფინანსებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ტარდება.
სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული და აღდგა საპირე წყობები, ინტერიერში მოეწყო ქარგილი, საბჯენი თაღები, კამარა და ჩატარდა სხვა სარესტავრაციო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის, დვალთის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე ალგეთის ხეობაში მდებარეობს. ტაძრამდე მისასვლელი გზა სამანქანოა.
ხუროთმოძღვრული ძეგლი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ეკლესია ნაგებია კლდოვან ქანზე. ძეგლს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, დამრეცი ფერდი ესაზღვრება.