თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეპიდემიის მართვის პროცესთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება.

კერძოდ, ცერცვაძე პასუხობს ექიმ გიორგი კანდელაკის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს სახელწოდებით „ქართული რეალობიდან“.

„მთელი COVID პანდემიის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში და თვალით არ უნახავთ არც ერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, სადაც ლამის ყველაფერს უწუნებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სისტემას და COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ ექიმებს.

ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია თავისი თავის და ცოდნის რეალიზაცია ნებისმიერ მათგანში მოახდინოს.

ცნობილმა ექიმმა ბ-ნმა გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „ქართული რეალობიდან“, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას „შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?“. პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე.

მინდა, გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს COVID პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტს, აგრეთვე ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნება თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი.

ასეთმა მიდგომამ და ადექვატურმა ანტიკოაგულაციურმა თერაპიამ ათეულ და ასეული ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა. საქართველომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში გაამახვილა ყურადღება COVID პაციენტებში თრომბოემბოლიზმის გაზრდილ რისკზე და მისი პრევენციისა და მართვის მნიშვნელობაზე, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენს ქვეყანაში COVID პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებებით სიკვდილობის შემთხვევები, ხოლო ჰოსპიტალს გარეთ, დღესაც კი, COVID პაციენტების გარდაცვალების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ასეთები გაცილებით მეტია.

ბ-ნი გიორგის პასკვილი სცდება არაკომპეტენტურობის და არაკორექტულობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს. ბ-ნმა გიორგიმ ან მართლა არ იცის COVID პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.

სამწუხაროდ, ბ-ნი გიორგისგან ასეთი რამ ადრეც არაერთგზის გვახსოვს. სხვადასხვა დროს იგი დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ ამა თუ იმ მედიკამენტმა, მაგ. რემდესივირმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს, ვერ გაამართლა (რა არის ამაში სასიხარულო? ვაქცინამაც რომ არ გაამართლოს, უნდა გაგვიხარდეს?).

აკრიტიკებს კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებას COVID ავადმყოფების სამკურნალოდ. „ნონსენსად“ და „დაუჯერებელ ამბად“ მოიხსენიებს ე.წ. COVID სასტუმროების (როგორც შუალედური რგოლის) გამოყენებას შედარებით მსუბუქი COVID პაციენტების იზოლაციის, მეთვალყურეობისა და მართვისთვის. არადა, ეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „ნოუ ჰაუ“ და წარმატებული პროექტია. ლაპარაკობს ექიმებისა და ცალკეული სტრუქტურების მხრივ ღია კორუფციაზე?! შეცდომად უთვლის ქვეყანას, რომ შვიდი თვის მანძილზე ვინარჩუნებდით COVID ავადობის და სიკვდილობის ძალიან დაბალ მაჩვენებლებს.

ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით ასეულობით COVID პაციენტს ვავნეთ?! ხოლო რემდესივირზე (რომელიც ჯერ ქვეყანაში შემოტანილიც კი არ არის) „ცხვირი წავიტეხეთ“. ცინიკურად აპროტესტებს ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ანუ, ისევ იგივე პრინციპი – „რაც უარესი, მით უკეთესი“. შეიძლება ასეთ ადამიანს რაიმე დაუჯერო? საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?

თავის მორიგ პოსტში ბ-ნი გიორგი აკრიტიკებს ა.წ. 15 ივლისს გამოქვეყნებულ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული გაიდლაინი სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში იძლევა COVID-19-ით პაციენტების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კლინიკური მართვის შესაძლებლობას, ხოლო თუ ბ-ნმა გიორგიმ რაიმე ვერ გაიგო, ან არ უნდა გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. ამასთან, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ COVID კლინიკებთან და ვაწვდით მათ უახლეს რეკომენდაციებს. სხვათაშორის, COVID-19-ის მართვაში ინოვაციური მიდგომებით გადარჩენილი გვყავს არაერთი უმძიმესი, პრაქტიკულად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი. მინდა ბ-ნ გიორგის ვუთხრა, რომ ყველაფერი ის, რასაც ის კითხულობს და წერს, ჩვენც ვიცით და ისიც ვიცით, რაც მან არ იცის“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობის კლინიკური მართვის მაღალი ხარისხის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღევანდელ პირობებშიც კი ქვეყანას ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0,92%) აქვს.

„უამრავი ტელეხიდი, ტელეკონსულტაცია და კონსილიუმი ეწყობა, წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და ჯერ არ მახსოვს, რომ ცალკეული პაციენტის მკურნალობაზე ან ზოგადად ქვეყანაში კლინიკური მართვის პრინციპებზე უმაღლესი შეფასება არ გაკეთებულიყოს.

რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, რომელსაც ბ-ნი გიორგი ასევე აკრიტიკებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს უკანასკნელი სადღეისოდ რეგულირდება არა წინამდებარე გაიდლაინით, არამედ ჯანდაცვის მინისტრის ა.წ. 29 ოქტომბრის ბრძანებით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ COVID პაციენტის კლინიკიდან გაწერა და საიზოლაციო სივრცეში გადაყვანა შესაძლებელია ნებისმიერ ვადაზე კლინიკის ორი ექიმის გადაწყვეტილებით. სხვათაშორის, ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. იგივე პრინციპებით ცდილობს იხელმძღვანელოს საქართველოც – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.