“თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით!”- პრემიერი პომპეოს

თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო მდივანს პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს – თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. … მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.” – მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს. საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მაიკლ პომპეომ ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“,-აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები.