კლინიკების ასოციაცია – კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, კარვები უნდა გაიხსნას

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართავს და აცხადებს, რომ დიდი კლინიკების მიმდებარედ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტლები – 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.

მათი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა. როგორც კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკავალიფიციური კადრით, რომელიც მრავლადაა აკადემიურ წრეში.

„ამავე დროს, სასურველია, არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები, 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები. კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა „ლოკდაუნი“. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს.“- ნათქვამია საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.