საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერ- მინისტრს ღია წერილით მიმართავს, ურჩევს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.
ასოციაციის განცხადებით, ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათი თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების განმავლობაში გაუსაძლისია მათი ყოფა.
“ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ იარაღს” ვირუსის სახით; კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან; ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები; პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება; მედპერსონალის დეფიციტია; ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს; დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს!
არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია:
1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები;
2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას.
შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს:
1) განიტვირთება კლინიკები;
2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი;
3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრდება მათი ოპერატიული მოქმედება;
4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში;
5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;
6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში;
7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუფლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.
მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.
ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს ”,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს.