24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 69 681-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.









