მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მეზობლად მცხოვრებმა მამა-შვილმა მიაყენა. მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.