ნინა კობახიძე: სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი

მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც ვმართოთ, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი.

„მსგავსი სამუშაო შეხვედრები ყოველ კვირას იმართება უკვე პრემიერ-მინისტრთან. მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რასაც ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში და თავის მხრივ სახელმწიფოსთან ვცვლით ინფორმაციას, თუ როგორ ვახდენთ ტრიაჟს ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების, რამდენად მართვადია სიტუაცია, რამდენად მზადყოფნაა ინტენსიური საწოლების თუ სამედიცინო პერსონალის მეშვეობით ასევე, ჟანგბადის ქარხნების აღჭურვის თვალსაზრისით რა წინსვლები გვაქვს, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობის მიზანი რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაა.

„ჩვენი აზრით სიტუაცია არის რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა კლინიკამ ვიცით ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა”, – აღნიშნა ნინა კობახიძემ.