ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, პირველი 10 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელია -5.1%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა საფინანსო საქმიანობის გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.