პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, „ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე.
ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორიცაა, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო.
მეორე ანგარიშის თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან, თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს „კოვიდ-19“-თან ბრძოლას.