პრეზიდენტი: აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.  უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.