როგორ უნდა მიხვდეს COVID-19-ით ინფიცირებული რომ მისი მდგომარეობა მძიმდება?

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, არსებობს რამდენიმე საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მძიმდება.

პირველ საგანგაშო ფაქტორად, ინფექციონისტი სუნთქვის გართულებას ასახელებს.

“ეს, პირველ რიგში, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც.

ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ დროს ნორმალურია,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანში, განმეორებითი ინფექცია უკიდურესად იშვიათია.
როგორც ბუწაშვილი აცხადებს, დღეს არსებული ვარაუდებით, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება.

“ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა. მსოფლიოში ამის უიშვიათესი შემთხვევებია აღწერილი. ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.