რუსთავში ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება- საკითხე კომისიამ იმსჯელა

რუსთავში 2021 წელს ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოში გამართულ კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც კომისიაზე აღინიშნა, ქალაქში არსებული 1 180 ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, პირველ ეტაპზე 200 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, მომავალ წელს იგეგმება ასევე ქალაქში არსებული ბაღების შიდა სარემონტო სამუშაოები.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შორის გათვალისწინებული იქნება ასევე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, დაიგეგმება ტროტუარებისა და გარე ფასადის მოწყობა.

ქალაქში შესაძლოა განხორციელდეს, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ცხრა ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებზე. იგეგმება შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია რჩეულიშვილის ქუჩაზეც.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი კომისიამ სამუშაო ფორმატში განიხილა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაკორექტირდება და საბოლოო სახეს 25 დეკემბერს მიიღებს.

ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდება.