სავაჭრო ობიექტები მთავრობას 6 მოთხოვნით მიმართავენ

თბილისში მოქმედი დიდი სავაჭრო ცენტრები,  „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“ მთავრობას მიმართავენ. კერძო სექტორს ხელისუფლებასთან 6 მოთხოვნა აქვს, რაც ბიზნესს  „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“.

მოლების ინფორმაციით, შეთავაზება მთავრობას ოფიციალურად უკვე მიეწოდა.

“1. ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება; ამავე დროში მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, სავაჭრო ცენტრებში მივიდნენ.

2. გაუქმდეს ქონების გადასახადი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გადავადდა. ჩვენი სურვილია და თხოვნაა, მოხდეს 2020 წლის ქონების გადასასახდის გაუქმება ისე, როგორც ეს მოხდა სასტუმროების შემთხვევაში. ყველა მზად არის, სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული ადამიანები არ გაუშვას სახლში და გადაუხადოს ხელფასი.

3. საკრედიტო ვალდებულებების მიმართულებით მოხდეს ეროვნული ბანკის ჩართვა ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში. თუ საშუალება იქნება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზეც დაიწყოს საუბარი, ესეც ძალიან კარგი იქნება.

4. გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათი, თუნდაც შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

5. სავაჭრო ცენტრები მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიკეტოთ იანვარში, თუმცა დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.

ამასთან, სავაჭრო ცენტრები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განცხადება მხოლოდ მათ გაავრცელეს, თუმცა აქტიური მოლაპარაკება აქვთ საცალო გაყიდვების კომპანიებთან, ბაზრობებთან და, სავარაუდოდ, ერთობლივი განცხადებაც გავრცელება.

„მთავრობას არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ყველაფერი ავუხსენით და მათგან პასუხად მივიღეთ მხოლოდ 1-კვირიანი მუშაობის გრაფიკი, რაც შემოგვთავაზეს. სავაჭრო ინდუსტრიისთვის თითოეული დღე, როცა დაკეტილი იქნება, ნიშნავს 25 მილიონიან ზარალს, უშუალოდ მოლებისთვის კი – 10 მილიონის ზარალს. ამდენად, დაკეტვა დარტყმა იქნება ბიზნესისთვის, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. ინდუსტრია, დეკემბერში დახურვის შემთხვევაში, მილიარდამდე ლარს დაკარგავს“, – აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.