საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 26.29% შეადგინა

ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევში – 20.04%.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, რუსთავსა და გარდაბნის ათ თემში არჩევნებზე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 29.23% მივიდა.

ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 140 210 იყო. ქვეყნის მასშტაბით, 17 მაჟორიტარულ ოლქში სულ გახსნილი იყო 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 სპეციალური უბანი. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ 4095 ამომრჩეველს მოემსახურა.