ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა?

რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ, ეს არის გამონაკლისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ასე, წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს. 60 მილიონიდან რამდენიმეა აღწერილი, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს. ჯერჯერობით რაც არის, ტოვებს იმუნიტეტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ვიკვლევთ ამას და გარკვეული შედეგების მიღების და დაზუსტების შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.