ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი განმარტავს სავარაუდო მიზეზს, თუ როგორ მოხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები.
მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან „ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა“ გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.
„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები. ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა, თუმცა, თავად ფაქტი არის საინტერესო და ჩვენ ასე გვგონია, რომ პირიქით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ, მათ შორის ამომრჩეველმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში, ეს არის სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, – აღნიშნა მან.