შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებ.
მათივე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.









