5 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც რეგფონდი რუსთავში დააფინანსებს

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულომ, 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დაამტკიცა.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შემცირდა სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 309,9 ათ. ლარის ოდენობით. აგრეთვე, დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა სახსრებმა შეადგინა 944,5 ათასი ლარი, რომელიც ხარჯვით ნაწილში სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების გეგმა განისაზღვრა 62 190, 5 ათასი ლარით.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა მოიწონეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2021 წელს განსახორციელებელი 5 პროექტი. ესენია: რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ფასადების, მის მიმდებარედ ტროტუარებისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია;

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;

ჰამლეტ გონაშვილის, გოგი დოლიძის და ჩოხელის ქუჩის მიმდებარედ გზის მოწყობა;

გურამ რჩეულიშვილი, გიორგი ჯავახიშვილის,ლევ ტოლსტოის,ივანე ბერიტაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელ ბინებთან ასფალტის საფარისა და ტროტუარების მოწყობა;

ასევე ჯავახიშვილის ქუჩაზე N1, ნესტორ გიორგაძის N2 და მე-11 მკრ-ში N1 საცხოვრებელი სახლების გამაგრება/გაძლიერება.

დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.