გამყრელიძე: პანდემია ჯერ კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება, ის უკან არ იხევს, არ ჩერდება

 ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ დაახლოებით პიკზე და ეს პიკის პლატო რამდენ ხანს გაგრძელდება,  პროგნოზირება რთულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია ჯერ კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება.

„ინფიცირების შემთხვევების ტემპი ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში მზარდია. ასევე ევროპის რეგიონში გვაქვს სიკვდილიანობის რაოდენობრივად სერიოზული ზრდა და გუშინ აღვნიშნე პროგნოზი ჩვენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, რომ შესაძლებელია, დადგეს პრობლემა, თუ ჩვენ სწორად არ მოვიქცევით, მაშინ ნოემბერ, დეკემბერ, იანვარ, თებერვალში, ეს შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ თუ ჩვენ ყველა 95 პროცენტამდე ავიყვანთ ნიღბის ტარების მაჩვენებელს, მაშინ შეიძლება, დამატებით დაახლოებით 266 000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ მხოლოდ ევროპაში.

პანდემია ჯერ კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება, ის უკან არ იხევს, არ ჩერდება და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩვენებლებზეც. ჩვენ ვსაუბრობდით და დაახლოებით პროგნოზს ვაკეთებდით, რომ ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ დაახლოებით პიკზე და ეს პიკის პლატო რამდენ ხანს გაგრძელდება ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაემატება, მათ შორის გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება. ამიტომ, მოგიწოდეთ მოსახლეობას კიდევ ერთხელ, რომ აქტიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე დავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.