მარტყოფში თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში მდებარე თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „შენება+“-მა შეასრულა, კოშკს მოეხსნა ძველი, დაზიანებული ქვის საპირე წყობა და გადაეწყო ახალი; მეორე და მესამე სართულზე გაკეთდა ქვის გადახურვები და კიბეები; პირველ სართულზე გამაგრდა კარის ჭერი; შესასვლელი კარის თავზე შიდა მხრიდან ამოივსო ბზარები; მოეწყო აგურის არშიები კარის და ფანჯრის ღიობებზე; აგურით მოეწყო ჯვრები და რომბები; მეორე სართულზე გაკეთდა აგურის ჭერი რომბებით და შიგნიდან მოხდა გარეთა კედლის ბზარის გამაგრება,; ხოლო მესამე სართულზე იატაკი ამოივსო მსუბუქი ინერტული მასალით; სახურავზე ხის კოჭები დამუშავდა ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარებით; მოეწყო წყალსაწრეტი მილები, ხოლო ძაბრები მოეწყო კახური კრამიტით; კოშკს გაუკეთდა ქონგურები; აშენდა ერთი სალოდე, ხოლო ორი სალოდე შეკეთდა და გამაგრდა; სახურავზე მორყეული ქონგურები გამაგრდა; კედლების ზედაპირები ამოივსო კირ-დუღაბის ხსნარით.

სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.

თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკი XVIII  საუკუნეშია აგებული“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.