პროექტი “ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი” დასრულების ეტაპზეა


პროექტი „ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი“ ფინალურ ფაზაში გადავიდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“  ინიციატივით წამოწყებული პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო მხარდაჭერითა და დონაციით 6 000 ლარზე მეტი თანხა  შეგროვდა.

როგორც “გავიგუდეს” წევრებმა TV4-ს განუცხადეს, ფონდმა “ორბელიანი“ ეს თანხა გააორმაგა და შესაძლებლობა შეიქმნა ქალაქში 12 000 ლარის ღირებულების ნერგები დარგულიყო.

გასამწვანებლად  მე-20 საჯარო სკოლის ტერიტორია შეირჩა, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. ტერიტორია  1 ჰექტარია და  ფაქტობრივად არ არის ნარგავები.

როგორც ცნობილი ხდება,  გაკეთდა ტერიტორიის გენერალური გეგმა, სარწყავი სისტემის ნახაზი და ტერიტორიის სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, შეიქმნა სრული პროექტი. 

პროექტის სისრულეში მოსაყვანად ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მე-20  სკოლას, „გავიგუდეთს“, „ინოვაციების ჰაბსა“ და ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის.

პროექტის ინიციატორებს მერია რამდენიმე მიმართულებით ტექნიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის 2021 წლის იანვრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ირიგაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს.