ბუწაშვილი: დაბალ ტემპერატურაზე განგაში არ უნდა ავტეხოთ

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ზოგადად, დაბალი ტემპერატურა არა მხოლოდ კორონავირუსისთვის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისთვისაც უცხო არ არის.

მისი თქმით, ბევრი რამ მეორდება კორონავირუსის შემთხვევაში, რაც იყო სასუნთქი გზების ინფექციის, თუნდაც გრიპს დროს, თუმცა, მაშინ ადამიანები ამ დეტალებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციების დროს, დაბალი ტემერატურა არც თუ ისე იშვიათი იყო და ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა განგაშის ნიშანი არ არის.

„რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა იწყება 36 გრადუსიდან და ამის ქვემოთ უკვე ადამიანები ღელავენ, რომ აქვთ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა. ზოგადად, ვირუსული ინფექციებისთვის ეს არ არის უცხო. საერთოდ, ბევრ სიმპტომს და დეტალს ადამიანები ახლა აქცევენ ბევრად მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვა დროს, თორემ ბევრი რესპირაციული სასუნთქი გზების ინფექციის, გრიპის დროს, თუ კარგად გაიხსენებენ დეტალებს, ბევრი რამ მეორდება. უბრალოდ, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთ დეტალებში არავინ არ მიდიოდა.

ერთი მხრივ კარგიც არის, ჩვენ, ექიმებს გვიმსუბუქდება სიტუაცია, რადგან მოსახლეობის განათლებამ აშკარად მოიმატა, თუმცა ზოგჯერ ეს ცოტა მცდარიც არის, ხან სწორი. ასეა თუ ისეა, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციების დროს, ეს არც თუ ისე იშვიათი იყო და ამაზე ნუ ინერვიულებენ. ანუ, ჩვეულებრივზე დაბალი ტემეპრატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც, ვთქვათ, რაღაც განგაში უნდა ავტეხოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს, თუ განსაკუთრებით დაბალია, მაგრამ რეალურად ასეთი შემთხვევები არ არის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება 37-ს ზემოთ ტემპერატურას, მაია ბუწაშვილის თქმით, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს, დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში 37-ს ზემოთ ხშირად აქვს ტემპერატურა.

„ზოგმა ეს არ იცის, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვენ ყოველთვის არ ვიზომავთ ტემპერატურას. ამიტომ, იქნება ადამიანების ისეთი ნაწილი, რომელსაც ისედაც ასე ჰქონდა, უბრალოდ, ამას ვერ ამჩნევდა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამასთან, ბუწაშვილის თქმით, ადამიანების დიდ ნაწილს ჩვეულებრივ სხვა ვირუსული ინფექციების, იგივე გრიპის გადატანის შემდეგ, ზოგჯერ კვირაობით და თვეობით ადრეც რჩებოდა ტემერატურული რეაქცია და ასეა კოვიდის შემდეგაც.

„გასაგებია, რომ კოვიდი ზოგ შემთხვევაში ბევრად მძიმე თვისებებით მიმდინარე დაავადებაა და შესაბამისად, გახანგრძლივებული ტემპერატურები უფრო ხშირია და მეტად გამოხატული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეტად აქცევენ ამას ადამიანები ყურადღებას. რა თქმა უნდა, თუ გახანგრძლივდა ტემპერატურა, სასურველია, ლაბორატორიული გამოკვლევების მინიმალური პაკეტი ჩატარდეს, მინიმუმ, სისხლის საერთო ანალიზი მაინც. თუ ლაბორატორული მაჩვენებლები ნორმაშია, გულ-მკერდი ჯანმრთელია, ექიმმა უთხრა, რომ მშვიდობაა ფილტვებში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩატარებული აქვს განმეორებითი რენდგენი და ეუბნებიან, რომ მშვიდობა აქვს, თუ ეს პარამეტრები ნორმაშია, ტემპმერატურული რეაქცია არ არის საშიში, მშვიდად უნდა გააგრძელონ ჯანსაღი ცხოვრება, ჰაერზე ყოფნა და თანდათანობით გაივლის. თუმცა ისეთი ადამიანების ჯგუფიც არის, ვისაც წლები, დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში ტემპერატურა 37-ზე მეტი აქვთ, ესეც ზოგისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რადგან თერმორეგულაცია ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს და დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში შეიძლება ჩვენთვის ეს ნორმაც იყო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.