,,გამარჯობა, მეგობარო“- გრაფიტი N8 საჯარო სკოლის ფასადზე

საგრანტო პროექტში „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ რუსთავიდან, გვანცა შიშინაშვილისა და თამთა ჩხაიძის იდეამ გაიმარჯვა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

რუსთაველი ახალგაზრდების იდეის მიხედვით, დაიხატა გრაფიტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ მესიჯს ,,გამარჯობა, მეგობარო“-ს ატარებს.

იდეის ავტორების თქმით, ნახატის მთავარი მესიჯიც ერთმანეთის მოსმენის აუცილებლობაზეა. გრაფიტის მიზანია ეროვნული უმცირესობების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და ცნობიერების ამაღლება.

„მოგეხსენებათ, რუსთავი ადმინისტრაციული ცენტრია რეგიონის, რომელიც ეროვნული და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გრაფიტი კი სამოქალაქო პოზიციის ეფექტურად გამოხატვის საშუალებაა, აღსანიშნავია, ისიც რომ ჩვენს ქალაქში ამ ტიპის „მხატვრული პროტესტის ფორმები“ ძალიან იშვიათობაა. გარდა იმისა, რომ სათქმელის ამ ფორმით გამოხატვა ქალაქის მაცხოვრებელთა ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, ამავდროულად, გამოაცოცხლებს კიდეც ქალაქს.

პროექტის თემატიკიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ადგილი, სადაც ნახატი განთავდება, მჭიდროდ იყოს დასახლებული, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებითაც. სწორედ ამიტომ, დონორებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, გრაფიტისთვის შევარჩიეთ სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.რუსთავის N8 საჯარო სკოლის გარე ფასადი, რომელიც აერთიანებს როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე, აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს. გარდა ამისა, სკოლა მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ მიკრორაიონში, სადაც ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობებიც. მიგვაჩნია, რომ გრაფიტს ექნება ხილვადი მესიჯი იმისა რომ მიუხედავად ეროვნული იდენტობისა, ყველანი ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქენი ვართ.“-ნათქვამია იდეის ავტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ მიზნად ისახავს საზოგადოებაში ტოლერანტული გზავნილების გავრცელებას, ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერას და თანასწორი გარემოს უზრუნველყოფას.

GEOYOUTH2020 „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ ინიციატივა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.