კელი დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს(+ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ყოფილ ელჩებთან და აშშ-ის საელჩოს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

„ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით.​ „კოვიდი“ ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე.

ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა. სხვათა შორის, ამ კარგმა საქმემ მათი ყურადღებაც მიიპყრო, ვინც საქართველოში ადრე მსახურობდა. მომწერეს ელექტრონული ფოსტით, დამიტოვეს შეტყობინებები და გამომიგზავნეს ვიდეოები, რათა გაეზიარებინათ მოგონებები მათი არაჩვეულებრივ მეგობრებისა და საქართველოს შესახებ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორ გისურვებენ უსაფრთხო და წარმატებულ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

კელი დეგნანის მილოცვას თან ახლავს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების და საელჩოს ყოფილი თანამშრომლების მილოცვები საქართველოს მოქალაქეებისადმი.

ჯონ ტეფტი: „ყველაზე მეტად რაც მე და მარიელას გვენატრება საქართველოში, არის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის შესანიშნავი ქართველი თანამშრომლები. ყველას გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულს და გილოცავთ ახალ წელს“.

ჯონ ბასი და ჰოლი ჰოლცერ ბასი: „გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის ჩემი ჩიჩილაკი. მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები. უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური. „ბაყაყი წყალში ყიყინებს“. გილოცავთ ახალ წელს!


რიჩარდ ნორლანდი და მერი ჰარტნეტი:
„გამარჯობა! მე და მერის ყველაზე მეტად გვენატრება ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა, ხშირად გიხსენებთ. ამ საშობაო ღამეს კიდევ ერთხელ მოვუსმენთ „ავე მარიას“ ულამაზეს შესრულებას, რომელიც მისმა უწმინდესობამ, საქართველოს პატრიარქმა დაწერა. ჩვენ გვენატრება საქართველოს სულიერება და ხშირად ვიხსენებთ მონასტრებსა და ეკლესიებში ვიზიტებს ქვეყნის გარშემო, განსაკუთრებით კაცხის სვეტისა და ხევსურეთის სოფელ შატილის მონახულებას. გილოცავთ ახალ წელს!“.

იან და ფრანჩესკა კელი: „სალამი ჩიკაგოდან! ყველაზე მეტად რაც საქართველოში მენატრება, არის ხალხი, თქვენი კულტურის სიამაყისა და მტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება. მეც ხალხი მენატრება, მენატრებიან ჩემი მეგობრები და მენატრება ხაჭაპური. გილოცავთ ახალ წელს!“.

ელიზაბეთ რუდი: „რა მენატრება საქართველოში? ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი მეგობრები და ყველა ის ქართველი, ვინც საქართველოს ასეთ შესანიშნავ ქვეყნად აქცევს. გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ 2021 წელს!“.

ეფ რენო: „გამარჯობა! ყველაზე მეტაც რაც მენატრება საქართველოში, არიან ადამიანები, თქვენ გყავთ ყველაზე მშვენიერი ხალხი პლანეტაზე და ძალიან მენატრებით. „მე ხომ ყველაფერი შენთვინ მინდოდა“.

კრისტინ რობერტსი და ჯიმ მორისი: „ყველაზე მეტად რაც გვენატრება საქართველოში არის: ღვინო, ხაჭაპური და ხინკალი, ჭაჭა. გილოცავთ ახალ წელს!“.


ბრიჯიტ ბრინკი:
გამარჯობა საქართველო! რაც ყველაზე მეტად მენატრება საქართველოში არის ლამაზი ბუნება, გემრიელი საჭმელი და მშვენიერი ხალხი, ჩემი ოჯახი და მე გილოცავთ ახალ წელს! ჩვენს ყველა მეგობარს გისურვებთ საუკეთესოს 2021 წლისთვის და ვგულშემატკივრობთ თქვენს წარმატებას“.

დეჟე ჰოლმსი: „გამარჯობა მეგობრებო, მენატრება ვაკე და მზის ჩასვლა მთაწმინდაზე, მეგრული ხაჭაპური და აჯაფსანდალი, მენატრება ყველა თბილი ჩახუტება, რომელიც მაჩუქეთ საქართველოში. გილოცავთ ახალ წელს!“.

ერინ მეი ჯერეტი: „ყველაზე მეტად საქართველოში მენატრება ქართული სუფრა, რადგან ის აერთიანებს სამ საუკეთესო რამეს: ქართულ ღვინოს ქართულ საჭმელს და ჩემს ქართველ მეგობრებს. მენატრები საქართველო! გილოცავთ ახალ წელს!“.

ჯენ და ჯუდი იალოვიცი: „ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო აშშ-ის საელჩოში, გისურვებთ მხიარულ, უსაფრთხო და ჯანმრთელ სადღესასწაულო სეზონს. ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოში გატარებულ წლებს. ვისურვებდით, რომ საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვეცეს. კოვიდის პანდემიითა და სადავო არჩევნებით ეს ძალიან მძიმე წელი იყო ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ქარიშხალს. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკეთეს პერიოდში გნახავთ მომავალ წელს. თბილი მოკითხვა კენი და ჯუდი იალოვიცებისგან.

ელჩი კელი დეგნანი: „მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა. ჩემი თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, მეც არაჩვეულებრივი მოგონებები დამიგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით. ახალ წელს მეტის გაკეთების მოუთმენელი სურვილით ველი. საქართველოში აშშ-ის მისიის წევრებისა და სანტას სახელით მინდა, ყველას მოგილოცოთ სადღესასწაულო სეზონი და ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. გაუმარჯოს! გილოცავთ ახალ წელს!“.

ერინი​ და კეტრინი: „გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ შობა-ახალ წელს“.

ერინი: „ასევე თუ ვინმემ იცით, როგორ მივიღო შატო მუხრანის შავკაპიტო ჩემს სახლში ვირჯინიაში, გთხოვთ, მაცნობეთ“.