რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ყველა კოვიდდადასტურებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა, -ამის შესახებ Tv4-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში კლინიკაში სამი კოვიდპაციენტი მკურნალობდა, რომლებიც კლინიკიდან დღეს გაწერეს.
ამასთან, დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში “კოვიდ-19” ჯამში 39 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაგან 27 ბავშვი, ხოლო 12 მშობელი იყო. პაციენტებიდან ათი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, დანარჩენები კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მკურნალობდნენ.
ბოლო 24 საათში ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პაციენტები დაწესებულებაში მხოლოდ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით არიან შეყვანილები. რაც შეეხება საწოლფონდს კლინიკაში 45 საწოლია მობილიზებული.









