ბოლნისში უცნობმა პირებმა ნაძვის ხე მოჭრეს

ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, “ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ მიერ დარგული ქართული, ვერცხლისფერი ნაძვის ხე უცნობმა პირმა/პირებმა მოჭრეს. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს.

“თითოეულ მოქალაქეს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ მერია და მისი შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზებისთვის აქტიურად მუშაობენ. ყველანი ერთად ვდილობთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიამოვნო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო შევქმნათ, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია თითოეულმა მოქალაქემ გაიზაროს მისი სამოქალაქო ვალი, რომელიც საჯარო სივრცეში არსებული ნარგავებისა და ინფრასტრუქტურის მოფრთხილებას ითვალისწინებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას, აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მრავალწლიანი ნარგავების დაზიანება არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება და ყველანი ერთად კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის იერსახეზე ზრუნვას.”-ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.