გამყრელიძე : ვიყოთ ფრთხილად, რათა საახალწლოდ სიტუაცია არ გაუარესდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღის შედეგით ინფიცირებულების კლების ტენდენციაა, მაგრამ ეს ხანგრძლივვადიან პერსპექტივად ვერ შეფასებდა.

“ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3 კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა 2 კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე. უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასები, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ, საახალწლოდ, უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.